ჩიხირთმა ქინძით

ამ კერძის მომზადება დიასახლისებისთვის ერთგვარი გამოცდაც კი არის.

მზარეულები ამბობენ ხოლმე – ვისაც ჩიხირთმის მომზადება შეუძლია, ის ყველა სხვა დანარჩენ კერძსაც თავისუფლად გააკეთებსო… დღეს ჩიხირთმას მომზადებას რესტორან „შატროს“ მზარეული დათო გიორგბერიძე გვასწავლის:

შემადგენლობა:
საშუალო ზომის ქათამი – 800 გრ
კვერცხი – 5 ც
ხახვი – 200 გრ
კარაქი – 100 გრ
ხორბლის ფქვილი – 4 ს/კ
ძმარი – 2-3 ს/კ
ერთი კონა ქინძი
პილპილი, მარილი – გემოვნებით

მომზადების წესი:
ქათამს ვხარშავთ მოზრდილ ქვაბში, დაახლოებით, ნახევარი საათი და ხარშვის პროცესში ზედაპირზე გაჩენილ ქაფს ვხდით ხოლმე.
მოხარშულ ქათამს ცალკე თეფშზე ვიღებთ, დარჩენილ ბულიონს არ ვასხამთ.
დაბალ ცეცხლზე ვდგამთ ტაფას და ზედ ვაგდებთ კარაქს.
ხახვს ვჭრით ალყა-ალყა, ვყრით ტაფაზე და ვთუშავთ მანამ, სანამ ოქროსფერს არ მიიღებს.
პარალელურად, ბლენდერში ვასხამთ, დაახლოებით, 200 გრ წყალს, ვყრით ფქვილს და ვაბლენდერებთ.
ქათმის ბულიონს წამოვადუღებთ, შემდგომ შიგ ვასხამთ დაბლენდერებულ მასას და თან კარგად ვურევთ.
თუ ბულიონი ცოტა სქელი გამოგვივიდა, შეგვიძლია წყლით გავათხელოთ.
კვერცხებს ვტეხთ, ვასხამთ ბლენდერში, ვამატებთ ძმარს და კარგად ვაბლენდერებთ.
შემდეგ ისევ წამოვადუღებთ ბულიონს, ვასხამთ მასში ძმართან ერთად დაბლენდერებულ კვერცხებს და კარგად ვურევთ.
ტაფაზე მოთუშულ ხახვსაც ვყრით ბლენდერში, ვამატებთ ცოტა წყალს და კარგად ვაბლედერებთ.
შემდეგ დაბლენდერებულ ხახვსაც ბულიონში ვასხამთ და კარგად ვურევთ.
ამ მომენტიდან, დაახლოებით, ხუთი წუთის შემდეგ ვაყრით პილპილს და მარილს გემოვნების მიხედვით,
ასევე ვაყრით წვრილად დაჭრილ ქინძს და ბულიონიც მზადაა.
მოხარშულ ქათამს ვჭრით ნაჭრებად, ვყრით მოხარშულ ბულიონში და ორიოდე წუთით ვხარშავთ.
ჩიხირთმაც მზადაა.

Post Middle

შენიშვნა:
ჩიხირთმის მომზადებას, დაახლოებით, 40 – 45 წუთი დასჭირდება.
კერძის მირთმევის წინ შეგვიძლია, უშუალოდ ღრმა ჯამში ჩასხმულ ჩიხირთმას დავამატოთ ცოტა ძმარი – ეს, რა თქმა უნდა, გემოვნების მიხედვით.
ცნობილია, რომ ჩიხირთმა ნაბახუსევზე მისწრებაა და მას „საპახმელიო კერძადაც“ მოიხსენებენ ხოლმე.
ჩიხირთმის მოსამზადებელი ინგრედიენტების შეძენა, დაახლოებით, 9.60 ლარი დაგიჯდებათ.

გემრიელად მიირთვით!