“საქმეს აღარ ეშველება, ყრილობის შემდეგ ორ ახალ პარტიას მივიღებთ”

პოლიტოლოგი გია ნოდია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე პროცესებს ფეისბუკზე ეხმიანება. პოლიტოლოგის თქმით ენმ-ს ყრილობის შემდეგ პარტია ორად გაიყოფა, რომელთაგან ერთი ძველი პარტიის ლეგალურ სახელწოდებას და ბეჭედს დაეუფლება

„ნაციონალებში“ მიმდინარე განხეთქილების ერთ-ერთი თემაა დამნაშავის ძიება: ვისი ბრალია თავად ეს განხეთქილება? სინამდვილეში რომელი მხარე ანგრევს პარტიას?

ხოდა, რის მიხედვით გავარჩიოთ მტყუან-მართალი?

Post Middle

მარტივი ტესტია. ყრილობებს შორის პერიოდში პარტიას წარმოადგენს და მმართველობით გადაწყვეტილებებს იღებს კონკრეტული ორგანო, პოლიტსაბჭო. ვინც პოლიტსაბჭოს, როგორც ასეთს, ებრძვის (და არა მის ცალკეულ წევრებს), მის მუშაობას შეუძლებელს ხდის, ის ერჩის პარტიას, როგორც ორგანიზაციას. არ უნდა ამას დიდი ფილოსოფია.

ვისთვისაც მიშა და პარტია აპრიორი ერთია, ვისი ერთადერთი არგუმენტია „მიშას გარეშე სად იქნებოდით“, ამას ვერ გაიგებს და მათ დარწმუნებას არც ვცდილობ. ისიც ვიცი, საქმეს ამ ეტაპზე, როგორც ჩანს, აღარ ეშველება (რაც ძალიან სამწუხაროა). ყრილობის შემდეგ ორ ახალ პარტიას მივიღებთ, რომელთგან ერთი ძველი პარტიის ლეგალურ სახელწოდებას და ბეჭედს დაეუფლება და მეორეს ეტყვის: რა განხეთქილება, რის განხეთქილება, რამდენიმე აბეზარი ადამიანი გამოგვეყოო. მაგრამ ეგდოს ეს პოსტიც, სიმართლე ხომ უნდა ითქვას.”- წერს გია ნოდია.

 

წყარო