საოცარი ეგზოპლანეტა, რომლის ცაშიც ლალისა და საფირონის ქარი ქრის

ჩვენგან 1000 სინათლის წლის მანძილზე მდებარე, დედამიწაზე 16-ჯერ დიდ პლანეტაზე ძლიერი ქარების ნიშნები დაფიქსირდა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მზის სისტემის მიღმა მდებარე გაზის გიგანტის ამინდის სისტემა გაირკვა. ამის შესახებ ინგლისის უორიკის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევა იუწყება.

უორიკის უნივერსიტეტის ასტროფიზიკის ჯგუფის დოქტორმა დევიდ არმსტრონგმა აღმოაჩინა, რომ გაზის გიგანტი პლანეტა HAT-P-7b ძლიერ ზემოქმედებას განიცდის მასზე მოძრავი ძლიერი ქარებისგან, რაც უფრო კატასტროფულ შტორმებს წააგავს.

აღმოჩენა HAT-P-7b-ის ატმოსფეროდან არეკლილ სინათლეზე დაკვირვების შედეგად გაკეთდა. შუქში გამოვლენილი ცვლილებები იმაზე მიუთითებდა, რომ პლანეტის ყველაზე კაშკაშა ადგილი პოზიციას იცვლიდა.

Post Middle

მისი გადაადგილება გამოწვეულია ეკვატორული ნაკადითა და ქარის დრამატულად ცვალებადი სიჩქარით. სიჩქარის ყველაზე მაღალ წერტილში, ქარი მთელი პლანეტის მასშტაბით დიდი ოდენობით ღრუბლებს წარმოქმნის.

ეს ღრუბლები ვიზუალურად გასაოცარი უნდა იყოს და სავარაუდოდ, იგი შედგება კორუნდისგან — ესაა მინერალი, რომელიც წარმოქმნის ლალს და საფირონს.

ეს პლანეტა არასოდეს იქნება სიცოცხლისთვის ხელსაყრელი, პირველ რიგში მძვინვარე ამინდის სისტემისა და შეუგუებელი ტემპერატურის გამო. პლანეტის ერთი მხარე მუდმივად დედა-ვარსკვლავს უყურებს, რადგან იგი გრავიტაციულად ჩაკეტილია; ეს მხარე თავისთავად უფრო ცხელია, ვიდრე მეორე. ნათელი გვერდის საშუალო ტემპერატურა 2586 გრადუსი ცელსიუსია.

ამ მოწინავე კვლევის წყალობით, ასტროფიზიკოსებს ახლა უკვე შეუძლიათ დაიწყონ იმის კვლევა, თუ როგორ იცვლება დროთა მანძილზე მზის სისტემის მიღმა მდებარე პლანეტათა ამინდის სისტემები.

აღმოჩენის შესახებ კომენტარს აკეთებს კვლევის ხელმძღვანელი დოქტორი დევიდ არმსტრონგი.

„NASA-ს კეპლერის კოსმოსური ტელესკოპის გამოყენებით, შევისწავლეთ პლანეტა HAT-P-7b-ის ატმოსფეროდან არეკლილი სინათლე. დავადგინეთ, რომ დროთა განმავლობაში, მისი ატმოსფერო იცვლება. HAT-P-7b გრავიტაციულად ჩაკეტილი პლანეტაა — ერთი მხარე მუდმივად დედა-ვარსკვლავს უყურებს. ჩვენი ვარაუდით, ღრუბლები პლანეტის ბნელ მხარეში წარმოიქმნება და შემდეგ სწრაფად ორთქლდება ნათელ, ცხელ მხარეზე მხოვედრისას“.

„კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ძლიერი ქარები გარს უვლის მთელ პლანეტას და ღრუბლები ბნელი მხარიდან ნათელ მხარეზე გადააქვს. ქარის სიჩქარე დრამატულად იცვლება, რაც უზარმაზარი ღრუბლების წარმოქმნას იწვევს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მზის სისტემის გარეთ მდებარე გაზის გიგანტი პლანეტის ამინდის სისტემის განსაზღვრა მოხდა“.

2008 წელს აღმოჩენილი პლანეტა HAT-P-7b ჩვენგან 1040 სინათლის წლის მოშორებით მდებარეობს. ეს ეგზოპლანეტა იუპიტერზე 40%-ით დიდია და დედამიწაზე 500-ჯერ მასიური. იგი გარს უვლის ვარსკვლავს, რომელიც ჩვენს მზეზე 50%-ით მასიურია და ორჯერ უფრო დიდი.