საახალწლო სალათა “მამალი”

ინგრედიენტები: ქათმის ფილე 2 ნაჭერი; ხახვი 1 თავი; მოხარშული კვერცხი 2-3 ცალი; გახეხილი ყველი 100 გ; მოხარშული ბრინჯი 1 ჭიქა; მჟავე კიტრი 3-4 ცალი; სტაფილო 2-3 ცალი; მაიონეზი; ნიორი 2-3 კბილი; მარილი; სალათის ფოთლები გასაფორმებლად; ბულგარული წიწაკა სხვადასხვა ფერი; ზეთისხილი.
მომზადება: მოხარშეთ ქათმის ფილე და დაჭერით მსხვილად. კვერცხი მოხარშეთ მაგრად, დაჭერით პატარა კუბიკებად. მოხარშული სტაფილო გაფცქვენით, პატარა ნაჭერი გადადეთ ცალკე, დანარჩენი დაჭერით მსხვილ კუბიკებად. ხახვი დაჭერით წმინდად. ნიორი გახეხეთ წვრილ სახეხზე ან დაჭყლიტეთ და აურიეთ მაიონეზში.
ამოჭერით ქაღალდისგან მამლის ტრაფარეტი.
ლანგრის კიდეები ოდნავ დაასველეთ და დადეთ ზედ მამლის ტრაფარეტი.
ახლა ააწყვეთ ტრაფარეტის შუა გულში სალათა ფენებით: ბრინჯის თხელი ფენა, კუბიკებად დაჭრილი სტაფილო, მოაყარეთ მარილი, ხახვი, შემდეგ ქათმის ფენა, მჟავე კიტრის და გახეხილი ყველის.
თითოეულ ფენას წაუსვით მაიონეზი. სალათის გვერდებზე და ზემოდანაც წაუსვით მაიონეზი და ფრთხილად მოხსენით ტრაფარეტი.
მორთეთ მამალი: ზეთისხილით გაუკეთეთ თვალები, ბულგარული წიწაკით – ბიბილო, ფრთები და კუდი, ხოლო სტაფილოსგან – ნისკარტი. ბალახი გაუკეთეთ სალათის ფოთლებით.