რუსეთის ერთ-ერთი კომპანიის ონლაინ-გაყიდვებიდან იმიტირებული ქართული ღვინოები ამოიღეს

ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და „საქპატენტის“ ერთობლივი ძალისხმევით, რუსეთში მოქმედი რთ-ერთი მსხვილი კომპანიის, „აგორას“ ონლაინ-გაყიდვებიდან ქართული ადგილწარმოშობის დასახელებების ღვინის იმიტაციით წარმოებული ღვინო ამოიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს  სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, 2016 წლის სექტემბრში ღვინის ეროვნულ სააგენტოსათვის ცნობილი გახდა, რომ კომპანია „აგორა”  ქართული ღვინის დაცული ადგილწარმოშობის დასახელებების – „ხვანჭკარა“ და „ქინძმარაული“ – იმიტაციით, კრასნოდარის მხარეში წარმოებული ღვინის რეალიზაციას ახდენდა. კერძოდ,  პროდუქტის ეტიკეტებზე დატანილი იყო აღნიშნვნა „ХВАНЧМАРАУЛИ“.

ღვინის ეროვნულ სააგენტოს და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების  ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ ერთობლივი მუშაობის შედეგად, კომპანიის ონლაინ გაყიდვებიდან ამოღებულია ქართული ღვინის დაცული ადგილწარმოშობის დასახელებების – „ხვანჭკარასა“ და „ქინძმარაულის“ იმიტაციით ეტიკეტირებული ღვინო.

Post Middle

“ამ კუთხით მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმ ფაქტმა, რომ 2016 წელს „საქპატენტის“ მიერ რუსეთის ფედერაციაში სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს სახელზე დარეგისტრირდა ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელებები „ხვანჭკარა“ და „ქინძმარაული“. ღვინის ეროვნულ სააგენტო კვლავაც განაგრძობს მუშაობას ქართული ადგილწარმოშობის დასახელებების საერთაშორისო დაცვის კუთხით“ – აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, ანდრო ასლანიშვილმა.

 

წყარო