„ოცნება“ კვირიკაშვილის შემცვლელად გიორგი გახარიას ამზადებს?

2017 წლის პირველი სკანდალი სახეზეა – ინტერნეტში ვიდეოკლიპი გამოჩნდა, რომლის თანახმადაც, სანტა კლაუსი თოვლის პაპას ფიზიკურად უსწორდება. ამ სისხლიან ვიდეოს სოციალური ქსელის მხოლოდ როგითი მომხმარებლები კი არა, თავად პოლიტიკოსებიც გამოეხმაურნენ. ასე, მაგალითად, „პატრიოტთა ალიანსის“ გენერალურმა მდივანმა და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ირმა ინაშვილმა კლიპის ავტორები პირდაპირ ეროვნული ტრადიციების შეურაცხყოფაში დაადანაშაულა და შსს-ს მიმართა, რომ კლიპი ინტერნეტსივრციდან სასწრაფოდ მოხსნას. „კლიპი ე.წ. ბოროტ თოვლის ბაბუაზე, რომელიც კეთილ სანტას ფიზიკურად უსწორდება, შეურაცხყოფას აყენებს არა მარტო ჩვენს ეროვნულ ტრადიციებს, არამედ მავნე ზემოქმედებას ახდენს ადამიანთა (ბავშვების) ცნობიერებაზე და ღია პროპაგანდას უწევს ძალადობას. მიზანმიმართულად აღვივებს ნეგატიურ განწყობას ჩვენი ეროვნული პერონაჟის – თოვლის ბაბუის მიმართ. მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს, სასწრაფოდ მოახდინოს რეაგირება და ხსენებული კლიპი მოხსნას ინტერნეტსივრციდან. იმოქმედონ კანონის შესაბამისად“, – დაწერა ინაშვილმა სოციალურ ქსელში.

რა გაგრძელება მოჰყვება ზემოხსენებულ სკანდალს, ჯერჯერობით უცნობია, ასევე, უცნობია, თუ რა მიზანი ჰქონდათ აღნიშნული კლიპის ავტორებს, თუმცა „ნიუპოსტის“ ინფორმირებული წყაროები ამბობენ, რომ მალე „სისხლიანი საახალწლო ვიდეო“ აღარავის ემახსოვრება, რადგან ქართული პოლიტიკის ავანსცენაზე ნამდვილი დრამა გათამაშდება.

„მართალია, ახალი წლის წინ, პრემიერმა გიორგი კვირიკაშილმა დაგვაიმედა, 2017 უმაგრესი წელი იქნებაო, მაგრამ ეს სიტყვები პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა გაგვეგო. ეს კვირიკაშვილის მხრიდან ერთგვარი მესიჯი იყო და ამ განცხადებით, პრინციპში, მოსალოდნელი დიდი სამთავრობო ცვლილებები დაანონსა“, – ეუბნება „ნიუპოსტს“ „ოცნებასთან“ დაახლოებული სუბიექტი, რომელიც ლამის ასპროცენტიანი სიზუსტით ამბობს, რომ იანვრის ბოლოს, მაქსიმუმ, თებერვლის დასაწყიში, მინისტრთა კაბინეტის 90 პროცენტი შეიცვლება.

Post Middle

ზოგადად, კულუარებში სამთავრობო ცვლილებებზე ლაპარაკი ჯერ კიდევ ნოემბრის ბოლოდან დაიწყო. მაშინ ისიც ითქვა, რომ ყველაფერ ამის უკან თითქოს ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი იდგა, ანუ ინფორმირებული წყაროები ამბობდნენ, რომ ქუმსიშვილი, რომელმაც საზოგადეობას თავი „ქეშირებით“, „ჟრიალ-ჟრიალით“ და „ბღუჯა ლარებით“ დაამახსოვრა, თითქოს ყოფილ პრემიერს, ესე იგი, ქვეყნის ჩრდილოვან მმართველად მიჩნეულ ბიძინა ივანიშილს სოლაკის შუშის სასახლეში ეახლა და პირდაპირ სთხოვა, პრემიერად დამნიშნეო, მაგრამ ამავე არაოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, ივანიშვილმა ქუმსიშვილის „აჯა“ არ შეისმინა.

ახლა, არავინ იცის, ქუმსიშვილსა და ექსპრემიერს შორის ასეთი შინაარსის დიალოგი რეალურად გაიმართა თუ არა, მაგრამ უმრავლესობის წევრები პირად საუბრებში, პრინციპში, არ უარყოფენ, რომ მოქმედი პრემიერი და ფინანსთა მინისტრი, ანუ კვირიკაშვილი და ქუმსიშვილი ერთმანეთს დასანახად ვერ იტანენ. „ოცნების“ დეპუტაციის ზოგიერთი წარმომადგენელი „ნიუპოსტთან“ ტეტ-ა-ტეტ საუბრის დროს იმასაც აღნიშნავს, რომ მათი დაპირისპირების მიზეზი ეკონომოკიური განვითარების ის გეგმა გახდა, რომლის მიხედვითაც, მმართელი პარტია ეროვნული ვალუტის გამყარაბას და ქვეყნის მოსალოდნელი სიღარიბისგან გადარჩენას აპირებს.

„სიმართლე რომ გითხრათ, ეს გეგმა არაფრის მომცემია, მაგრამ ქუმსიშვილი ცდილობს, რომ ივანიშილს დაუმტკიცოს, აი, კვირიკაშილზე მაგარი ვარო და ყველაფერს აკეთებს, რომ პრემიერობისკენ მიმავალი გზა გაისუფთაოს, მაგრამ შემიძლია, დამაჯერებლად გითხრათ, რომ მისი ოცნება არასოდეს ახდება. უფრო მეტსაც გეტყვით, პრემიერის პოსტს მალე კვირიკაშვილიც დატოვებს და, ზოგადად, მინისტრთა კაბინეტის წევრების უმეტესობას წასვლა სახლში მოუწევს,“ – ეუბნება „ნიუპოსტს“ საპარლამენტო უმრავლესობასთან დაახლოებული წყარო.

სხვათა შორის, „ნიუპოსტი“ შეეცადა, წყაროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე ოფიციალური კომენტარი მოეპოვებინა, მაგრამ როგორც მოსალოდნელი იყო, ამ თემაზე ღიად საუბარი არავინ ისურვა, თუმცა სახელმწიფო კანცელარიაში ირიბად დაგვიდასტირეს, რომ მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები გარდაუვალია. ამასთან, კვირიკაშვილის შესაძლო შემცვლელზეც მიგვანიშნეს.

„იმ მონაცემების მიხედვით, რომელიც მე მაქვს, ახალი წლის წინა დღეებში, პრემიერის ერთ-ერთ შემცვლელად ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია განიხილება. შეიძლება, ეს მონაცემები შეიცვალოს, მაგრამ პირადად მე, არ გამიკვირდება, თუ კვირიკაშვილის ადგილს სწორედ გახარია დაიკავებს. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, გახარია „ოცნების“ და, ზოგადად, ქართული პოლიტიკის ახალი სახეა. ოპონენტები, განსაკუთრებით „ნაციონალები“ მმართველ გუნდს ყველაზე ხშირად იმას საყვედურობენ, რომ მნიშვნელოვან მმართველ რგოლებში ე.წ. შევარდნაძის კადრები დააბრუნეს. აქედან გამომდინარე, გახარიას პრემიერად დანიშვნა მშვენიერი გამოსავალია, რადგან მას შევარდნაძის მთავრობასთან შეხება არ ჰქონია,“ – ეუბნება „ნიუპოსტს“ წყარო, რომელიც აქვე, ყურადღებას იმ გარემოებაზე ამახვილებს, რომ გახარიას განათლება რუსეთში აქვს მიღებული, ანუ ეკონომიკის მოქმედი მინისტრი და პრემიერობის შესაძლო კანდიდატი ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერისტეტის კურსდამთავრებულია, თუმცა ვიდრე განათლებას ჩრდილოეთში მიიღებდა, 1992-1994 წლებში, გახარია, ი. ჯავახიშვილი სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე სწავლობდა. ამასთან, მას დამთავრებული აქვს პოლიტოლოგიის ფაკულტეტი და პოლიტოლოგიაში მაგისტრის ხარისხსაც ფლობს. ასევე, არის ბიზნესის მართვის მაგისტრი (უმაღლესი ბიზნეს სკოლა – MBA).

გიორგი გახარია ქართულ პოლიტიკაში 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ გამოჩნდა – 2013 წლის მარტში „ოცნების“ ხელისუფლებამ ის ბიზნესომბუდსმენად დანიშნა და ეს თანამდებობა 2016 წლის ივლისამდე ეკავა. ამავე პერიოდში იყო პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ეკონომიკურ საკითხებში და, ასევე, – ეკონომიკური საბჭოს მდივანი. 2008-2013 წლბეში – Lufthansa Service Holding AG. LSG, Frankfurt am Main, Germany; ბიზნესის განვითარების დირექტორი აღმოსავლეთ ევროპაში, დსთ-ს ქვეყნებსა და რუსეთის ფედერაციაში.

2006-2009 წლებში, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი ბიოტექნოლოგიის ფაკულტეტზე მიწვეული ლექტორად მუშაობდა. უფრო ადრე, კერძოდ, 2004-2008 წლებში SFK Group-ის გენერალური დირექტორი გახლდათ, 1999-2000 წლებში – „ეფექტური პოლიტიკის ფონდის“ ანალიტიკოსი.

1997-დან 2004 წლამდე გახარია A-Edam-ის გენერალური დირექტორი იყო.

„გახარიას ახლოს არ ვიცნობ, მაგრამ იმ ურთერთობიდან გამომდინარე, რაც მასთან მქონია, შემიძლია, გითხრათ, რომ ცუდი ახალგაზრდა არ არის. ვერ ვიტყვი, რომ სუპერპროფესიონალია, მაგრამ აშკარად მონდომებულია – ყველა რჩევას ინიშნავს და, როგორც ეკონომიკის მინისტრი, ცდილობს, ეს რჩევები გაითვალისწინოს. შეიძლება, ცუდი არც იყოს, რომ პრემიერად დაინიშნოს, მაგრამ ჩვენთვის რომ ვთქვათ, კვირიკაშვილიც არ არის ცუდი პრემიერი. ზოგადად, პრობლემა პიროვნებებში კი არა, მართვის სისტემაშია. თუ ეს სისტემა არ შეიცვალა, არაფერი გვეშეველბა. ამას გარდა, თითო-ოროლა საქმის მოყვარული ადამიანი „გაზაფხულს ვერ მოიყვანს“, ანუ იმის თქმა მინდა, რომ იგივე აღმასრულებელ ხელისუფლებაში, მინიმუმ, 80 პროცენტი თავისი საქმის პროფესიონალი და მცოდნე უნდა იყოს, თორემ ცალკეული ინიციატივები ვერაფერს გვიშველის, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა მსოფლიო პოლიტიკასა და ეკონომიკა მნიშვნელოვანი ძვრები ხდება. ჩვენ კი ისევ ერთ ადგილს ვტკეპნით,“ – ამბობს „ნიუპოსტის“ წყარო, რომელიც დარწმუნებულია, რომ სამთავრობო ცვლილებები ლარს ვერ გაამყარებს და შესაბამისად, მძიმე გაზაფხული გარანტირებული გვექნება.

 

ნიუპოსტი