ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ თანხების ინვესტირებისას მიიღონ მხოლოდ გონივრული და ინფორმირებული გადაწყვეტილება:
”მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა არაერთხელ მოუწოდა საქართველოს მოქალაქეებს განსაკუთრებული სიფრთხილითა და ყურადღებით მოჰკიდებოდნენ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც საბაზროსთან შედარებით გაცილებით მაღალ საპროცენტო სარგებელს სთავაზობდა კლიენტებს საკუთარი თანხის დაბანდების სანაცვლოდ (2013, 2016, 2016). მოქალაქეთა სიფრთხილე განსაკუთრებით აუცილებელია, ისეთ იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას რომლებზეც არსებული კანონმდებლობით სებ-ის მხრიდან არ ვრცელდება შესაბამისი რეგულირების ჩარჩო.
ასეთი შპს-ები თუ კერძო კომპანიები, მოქალაქეთა შეცდომაში შეყვანის განზრახვით შეიძლება ორგანიზაციის დასახელებაში იყენებდნენ ტერმინებს “საფინანსო”, “საკრედიტო”, “საბროკერო” ან სხვა მსგავსი. რაც არ ნიშნავს, რომ ეს შპს არის საფინანსო სექტორის წარმომადგენელი და მისი საქმიანობა რეგულირდება ეროვნული ბანკის მიერ.
ნებისმიერი პირის უფლებაა, მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარი სახსრების განკარგვის შესახებ. თუმცა, სამომავლოდ, დაბანდებული თანხების დაკარგვის რისკის თავიდან აცილების მიზნით, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მოსახლეობას, რომ თანხების ინვესტირებისას მიიღონ მხოლოდ გონივრული და ინფორმირებული გადაწყვეტილება.
ამავე დროს, გასათვალისწინებელია, რომ ეროვნული ბანკის კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებას სცილდება კერძო სამართლის სუბიექტებს შორის მათი სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში გაფორმებული გარიგებებიდან წარმოშობილ ურთიერთბებში ჩარევა”, – ნათქვამია განცხადებაში.