ბორჯომში კაცმა, რომელიც სამსახურიდან გაუშვეს, თავი ჩამოიხრჩო

ბორჯომის რაიონის სოფელ ყვიბისში შუახნის მამაკაცმა ზ.კ.-მ თავი სახლის ეზოში ჩამოიხრჩო. როგორც გარდაცვლილის მეზობლები ამბობენ, ბოლო დროს მამაკაცი გულჩათხრობილი და დეპრესიული გახდა. ამის მიზეზად კი რამდენიმე თვის წინ სამსახურიდან გათავისუფლებას ასახელებენ.

ადგილობრივები ყვებიან, რომ მამაკაცს მეუღლე მძიმე ავადმყოფი ჰყავს და მას მუდმივად ძვირად ღიერებული მედიკამენტები ესაჭიროება. ოჯახში მხოლოდ მათი შვილი მუშაობს, რომელიც სოფელში კერძო სამუშაოებზე დადის. თუმცა, ზამთარში ამ ეტაპზე ეს სამუშაოც აღარ აქვს.

გარდაცვლილის მეზობელი ნანა სიხიაშვილი ამბობს, რომ მამაკაცი, დახმარების სათხოვნელად რაიონის გამგეობაში და სოფლის რწმუნებულთან არაერთხელ იყო. მას ერთჯერადად 50 ლარით რამდენჯერმე დაეხმარნენ, თუმცა, მეზობლის თქმით, მეუღლის სამკურნალოდ საკმარისი არ აღმოჩნდა. სიხიაშვილი მამაკაცის თვითმკვლელობის მიზეზად, სწორედაც რომ მძიმე სოციალურ მდგომარეობას ასახელებს.

Post Middle

“როგორც ყველა ქართველს, მასაც ძალიან უჭირდა. სადღაც კომპანიაში მუშაობდა, ერთ-ორ კაპიკს შოულობდა. ცოტა ხნის წინ იქიდანაც გამოუშვეს. სახლში მძიმე ავადმყოფი ჰყავს და მუდმივად ძვირად ღირებული წამლები ესაჭიროება. საწყალი ქალი წამლების გარეშე უბრალოდ მოკვდება.

“საცოდავი, ხან რაიონის გამგეობაში მიდიოდა, ხანაც სოფლის რწმუნებულთან. დახმარებას ითხოვდა. როგორც ვიცი, სოფლის რწმუნებული რამდენჯერმე დაეხმარა, კანონით რაც შეეძლო, ის ქნა. ახლა ამ გაჭირვებაში არავის აღარ აქვს იმის საშუალება, რომ მეზობელს დაეხმაროს.

“სახლში ერთადერთი ბიჭი მუშაობდა, ისიც სოფელში კერძო სამუშაოებზე დადის. ახლა ამ სიცივეში ეგეც არ არის. ძალიან უჭირდათ, საცოდავმა ასეთ მძიმე ყოფას ვეღარ გაუძლო და სახლის ეზოში თავი თოკით ჩამოიხრჩო,” – ამბობს მეზობელი.

სოფელ ყვიბისის გამგებელი ამბობს, რომ გარდაცვლილ მამაკაცს თანხით ნამდვილად დაეხმარა. მამაკაცი რწმუნებულთან დახმარების თხოვნით, რამდენიმე თვის წინ მივიდა და ცოლის ოპერაციის გასაკეთებლად დაფინანსება სთხოვა.

რწმუნებული ამბობს, რომ მამაკაცი გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ნახა, სადაც ზ.კ-მ უთხრა, რომ სასახურიდან გაათავისუფლეს და სხვა სამუშაოს ვერ შოულობდა.

“ძალიან სამწუხარო ამბავი მოხდა. სახლის უკან გაპარულა და თავი ჩამოუხრჩვია. როგორც გარდაცვლილის ცოლმა მითხრა, ბოლო დროს საკმაოდ ჩაკეტილა და აღარავის ელაპარაკებოდა. სამსახურიდან გაათავისუფლეს და სიტუაციას ძალიან მძიმედ განიცდიდა.

“სახლში მძიმე სოციალური მდგომარეობა ჰქონდა. როგორც ჩანს, ვალებიც ბევრი ჰქონდა, მის მეუღლეს ძვირიანი წამლები სჭირდება. ამ ყველაფერს ვეღარ გაუძლო და საცოდავმა ნავი მოიკლა. გული დამწყდა, მართლა ღირსეული და მშრომელი ადამიანი იყო,” – ამბობს რწმუნებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ თვითმკვლელობასთან დაკავშირებით, საქმე სისხლის სამართლის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

წყარო